 
        დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელიც.
"საახალწლო ილუმინაციებისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ამინდი იქნება. ამასაც ვაკვირდებით. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას", - განაცხადა კახა კალაძემ.
 
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                