 
        რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მუქარებზე პასუხისას რუსეთი მხოლოდ ჯავშანტექნიკით არ შემოიფარგლება. ამის შესახებ მან ვოლგოგრადში სტალინგრადის ბრძოლიდან 80 წლის თავზე გამართულ კონცერტზე განაცხადა.
"წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია - ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით, რომლებზეც ჯვრებია", - თქვა პუტინმა.
პუტინის შეფასებით, გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ახალ ომში ითრევენ, მაგრამ არ დააკონკრეტა ვინ.
"ვინც გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ახალ ომში ითრევს და უფრო უპასუხისმგებლოდ აცხადებს ამის შესახებ, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე, მათ, ვისაც ბრძოლის ველზე სურს რუსეთზე გამარჯვების მოპოვება, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად სხვანაირი იქნება.
ჩვენ ტანკებს მათ საზღვრებთან არ ვაგზავნით, მაგრამ გვაქვს ის, რითაც ვუპასუხებთ და ეს ჯავშანტექნიკის გამოყენებით არ შემოიფარგლება. ყველას უნდა ესმოდეს ეს", - დასძინა პუტინმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთს მსოფლიოში "ბევრი მეგობარი ჰყავს", მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.
 
         
         
         
         
         
         
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                